ხშირად სხვადასხვა ორგანიზაციას ერთმანეთს ადარებენ და აფასებენ იმას, თუ სად უფრო კარგი გარემოა სამუშაოდ, რომელია უფრო მეტად ორიენტირებული საკუთარ მომხმარებელზე, რომელი რეაგირებს სწრაფად ცვლილებებზე, ზრუნავს თანამშრომლებზე და ა.შ.
ამ ყველაფრის შეფასება რთულია გარედან და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ სუბიექტურ ვარაუდებზეა დაფუძნებული.
აღნიშნულის გარკვევა უფრო მნიშვნელოვანი ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო შეთავაზებას იღებ რომელიმე კომპანიიდან და გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, ვის სასარგებლოდ გააკეთო არჩევანი.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვაკეთებ სწრაფ და ზოგად შეფასებას და როგორ ვვარაუდობ, დაახლოებით რა გარემო დამხვდება ორგანიზაციაში. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ეს ვარაუდები სუბიექტურია და არ იძლევა ასპროცენტიანი სიზუსტით დასკვნის გამოტანის საშუალებას, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მოლოდინებს ამართლებს და ვფიქრობ, თქვენც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
მოგეხსენებათ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში ორგანიზაციის მართვის ახალი მიდგომები, რომლებიც კარგადაა აპრობირებული წამყვან კომპანიებში ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე. ამ მიდგომებიდან ერთ-ერთია თქვენთვის ალბათ უკვე კარგად ნაცნობი, ე.წ. ეჯაილ მიდგომები.
ეჯაილის გამოყენება ორგანიზაციებში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე ეჯაილის ქოლგის ქვეშ რამდენიმე მიდგომაა გავრცელებული, რომლებიც ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდება.
სწორედ ერთ ასეთ განსხვავებაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო.
როგორც ფოტოზე ხედავთ, დღევანდელ სამყაროში ორგანიზაციებში უკვე მყარად აქვს ფეხი მოკიდებული რამდენიმე სამუშაო ჩარჩოს (ე.წ. Framework). აქვე შეამჩნევდით, რომ მათგან ზოგიერთი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე, ვიდრე – დანარჩენები.
ზოგიერთი სამუშაო ჩარჩო დეტალურად აღწერს ყველა როლს, ცერემონიას, არტეფაქტს თუ პროცესს, რომლებიც ორგანიზაციას ეხმარება ამ მიდგომების დანერგვასა და განხორციელებაში. არსებობს სხვა მიდგომაც, სადაც მხოლოდ ძირითადი პრინციპები და ღირებულებებია მოცემული და ორგანიზაციას მეტი საშუალება აქვს, საკუთარ გამოცდილებას მოარგოს ახალი პრაქტიკები და შეძლოს მეტი ინტერპრეტირება.
ჩემი დაკვირვება სწორედ ამ მნიშვნელოვან განსხვავებას ეხება.
სუბიექტური გამოცდილებით, ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში ისეთ ჩარჩოებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც დეტალური ინსტრუქციებით არის გაჯერებული, ნაკლებად მოქნილები არიან, უფრო ფრთხილობენ დიდ ცვლილებებთან, თავიდან ირიდებენ ექსპერიმენტებით გამოწვეულ შეცდომებს და, შესაბამისად, უფრო პატარა ნაბიჯებით მიიწევენ წინ. მათ ურჩევნიათ, უკვე დაწერილ ინსტრუქციებს გაყვნენ და ნაკლები გასაქანი მისცენ ინტერპრეტაციას. Შესაბამისად, ასეთ ორგანიზაციებში გუნდებს და სხვა ეჯაილ ერთეულებს ნაკლები თავისუფლება ეძლევათ. Ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულები არიან სწრაფ განვითარებაზე, დიდ ცვლილებებსა და ინოვაციურობაზე, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ჩარჩოებს, სადაც მხოლოდ ძირითადი პრინციპებია მოცემული და მეტი გასაქანი ეძლევა ექსპერიმენტებს, ჭეშმარიტების მუდმივ ძიებას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს.
რა თქმა უნდა, ორგანიზაციების არჩევანი დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა გარემოებაზე, დაწყებული ორგანიზაციის ზომიდან, დამთავრებული – ინდუსტრიით, თუმცა მე მხოლოდ იმის აღნიშნვა მინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, რაც უფრო ინსტრუქციებით გაჯერებულ ჩარჩოს იყენებს ორგანიზაცია, ნაკლებია შანსი, რომ იქ თავისუფალი, ექსპერიმენტული და საოცნებო ეჯაილ გარემო დაგხვდეს სამუშაოდ, რადგან ეს ორგანიზაცია, დიდი ალბათობით, ახალი ეჯაილ კულტურის ათვისების ადრეულ ეტაპზე იმყოფება.
ამიტომ, სანამ სადმე მუშაობას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, რომელ მიდგომას იყენებს ორგანიზაცია, რაც გაგიადვილებთ, გააკეთოთ მიახლოებითი პროგნოზი, თუ რა გარემო დაგხვდებათ ორგანიზაციაში, იქ გადასვლის შემთხვევაში.
არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, იცოდეთ ორგანიზაციის რა წილი იყენებს ეჯაილ მიდგომებს: საპილოტედ მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე გუნდი, ე.წ. IT დეპარტამენტი, კონკრეტული ბიზნეს მიმართულება, თუ სრულად მთელი ორგანიზაცია. ეს ინფორმაცია ასევე მნიშნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა სტადიაზე იმყოფება ორგანიზაცია ეჯაილისკენ მიმავალ გზაზე.
მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის განმასხვავებელი თვისება, რაზეც ვისაუბრე, არანაირად არ აკნინებს ამა თუ იმ მიდგომას ან ორგანიზაციას. კარგი და ცუდი მიდგომები ჩემთვის მიუღებელი შეფასებებია და მათი შედარება სხვადასხვა მახასიათებლით შორს წაგვიყვანს. ყველა მიდგომას აქვს თავისი დანიშნულება და არსებობის უფლება. ის ფაქტი, რომ მას თუნდაც ერთი კომპანია მაინც წარმატებით იყენებს, უკვე ამტკიცებს მის დანიშნულებას და საჭიროებას.
და ბოლოს, მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ დღესდღეობით მეტი პოპულარობით სარგებლობენ ის ჩარჩოები, სადაც ორგანიზაციებს ეძლევათ უფრო დეტალური ინსტრუქციები და ნაკლები ადგილი რჩებათ თვითინტერპრეტაციისთვის, რაც ჩემთვის ასევე იმაზე მეტყვლებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ეჯაილისკენ მიმავალ ადრეულ ეტაპზე ვართ. თუმცა ის ფაქტი, რომ მეტი და მეტი ორგანიზაცია ინტერესდება ამ ახალი ინოვაციური მიდგომებით, ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად იძლევა.